English / ქართული / русский /
მიხეილ ბაღდავაძე
შესყიდვების ანუ პროკიურემენტის არსი, პრინციპები, ორგანიზაცია

ანოტაცია

სტატიაში განხილულია პროდუქციის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვის ანუ პროკიურემენტის არსი, მიზნები, ამოცანები, პრინციპები და ორგა¬ნიზება. ჩამოთვლილია შესყიდვების ელემენტები და განხორციელების ეტაპები, განხილულია შესყიდვების პრინციპები _ ღიაობა და გამჭვირვალობა, პასუხისმგებ¬ლობა, კონკურენტულობა, სამართლიანობა, ეფექტიანობა, დასაბუთებულობა. განხი¬ლულია შესყიდვების სისტემის სამი ბლოკი _ უშუალოდ შესყიდვის, დაფინანსების და კონტროლის ბლოკები.

საკვანძო სიტყვები: პროკიურემენტი, შემკვეთი, მომწოდებელი,ტენდერი, საქონლის შესყიდვა

 ***

პროკიურემენტი როგორც შესყიდვის სინონიმი, გვიან გამოჩნდა ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში. პროკიურემენტზე არათუ ფუნდამენტური ნაშრომი, არამედ სტატიებიც კი იშვიათად იწერება. მცირე მოცულობის გამოკვლევა აქვს მეცნიერ ო. კიკვაძეს და მეცნიერ თ. ხომერიკს.

ამ ნაშრომით ჩვენ ვიწყებთ პროკიურემენტის ძირეულ შესწავლას, რომელსაც შემდეგ ნაშრომებში გავაგრძელებთ.

***

პროკიურემენტი წარმოადგენს პროცესს, რომელშიც გამოყენებული მეთოდების და პროცედურების ერთობლიობა პროდუქციაზე, სამუშაოებსა და მომსახურებაზე შემკვეთის (იგივე შემსყიდველი, ანდა მყიდველი) მოთხოვნილებების მაქსიმალურად ეფექტიანი დაკმაყო­ფილების საშუალებას იძლევა.

პროკიურემენტი მოიცავს (ნახაზი 1):

  • შესყიდვებისდაგეგმვას;
  • შეთავაზებულიშესყიდვებისმიზანშეწონილობისგანსაზღვრას;
  • შესყიდვებისრეგლამენტირებას;
  • შესყიდვებისგანხორციელებას;
  • შესყიდვებისკონტროლს.

 

ნახაზი 1. პროკიურემენტის ელემენტები [Кузнецов К. В., 2011:13]

ტერმინი „პროკიურემენტი“ სათავეს რომის იმპერიაში იღებს. ადამიანებს, რომელთაც რომის იმპერიის ჯარების (ლეგიონების) მომარაგება ევალებოდათ, პროკიურატორები ეწოდე­ბოდათ. ხშირად ისინი რომის იმპერიის რომელიმე პროვინციის მმართველებიც იყვნენ.

პროკიურემენტის ძირითადი ამოცანაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად ეფექტიანად დააკმა­ყოფილოს შემსყიდველი ორგანიზაციის ანუ შემკვეთის ობიექტური მოთხოვნი­ლებები პროდუქციაზე, სამუშაოებსა და მომსახურებაზე. ეს მიიღწევა პროკიურემენტის  სწორი მეთოდების შერჩევით - შესყიდვების სწორი დაგეგმვით, მისი სახეების და მოცუ­ლობის მიზანშეწონილობის განსაზღვრით და აგრეთვე კონტროლით. თითოეულ ამ პროცედურას საფუძვლად უნდა დაედოს სახსრების ეკონომია. მაგრამ ეს მიღწეული უნდა იყოს არა საჭირო საქონლის  არშეძენით, ან ნაკლები რაოდენობით შეძენით, არამედ მხოლოდ იმის შეძენით, რაც შემკვეთისთვის ობიექტურად აუცილებელია მოცემულ მომენტში.

საჭირო საქონლის, სამუშაოს და მომსახურების შესყიდვის ეფექტური დაკმაყოფი­ლება აუცილებლად გულისხმობს, აგრეთვე, მომწოდებლისგან მოწოდების ვადების დაცვას, საქონლის მაღალ ხარისხს და შეთავაზებულ საქონელზე შემკვეთისთვის მისაღებ ფასს.

შემკვეთმა ამ სამი მაჩვენებლით უნდა შეაფასოს ბაზარზე წარმოდგენილი მომწო­დებლები და მათ შორის აირჩიოს ის (ისინი), რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ამ მოთხოვნების შესრულებას. ეს დავალება უნდა შეასრულონ შემკვეთი ორგანიზაციის მარკე­ტინგის სპეციალისტებმა და საკონკურსო შესყიდვების სპეციალისტებმა.

გვახსოვდეს, რომ იზოლირებულად არც ერთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნას - მოცუ­ლობა, ხარისხი, ფასი, მოწოდების ვადა - არ უნდა მიეცეს უპირატესობა. ისინი ურთიერთ­შეთანხმებული უნდა იყოს. მხოლოდ ასეთ პირობებში იქნება პროკიურემენტი ეფექტიანი და წარმატებული. მაგალითად, განა სწორი იქნება, რომ შემსყიდველმა ორგანიზაციამ სიიაფის გამო საჭირო 100 ცალი საქონლის ნაცვლად იყიდოს 1000 ცალი? რა თქმა უნდა, არა, რადგან მას საწყობში შენახვის ხარჯი სჭირდება, შეიძლება დაძველდეს და გაფუჭდეს კიდეც და, რაც არანაკლებ მთავარია, შემსყიდველის ბიუჯეტიდან დამატებით იხარჯება ზედმეტი ფული 900 ცალი საქონლის შესყიდვისთვის,  რაც შემსყიდველის ბიუჯეტის განსაზღვრულობის პირობებში აუცილებლად გამოიწვევს რომელიმე სხვა საჭირო საქონლის, მომსახურების ან სამუშაოს ვერ ან ნაკლებ შესყიდვას.

ჩვენ ზევით ვახსენეთ შემსყიდველის ობიექტური მოთხოვნილებები. ეს მეტად დიდი პრობლემაა არა მხოლოდ ორგანიზაციებში, არამედ ოჯახების და ცალკეული ფიზი­კური პირების დონეზეც. ყველგან, ყოველ წელს იგეგმება სხვადასხვა საქონლის შესყიდვა. შემსყიდველი ორგანიზაციების სპეციალური საშემსყიდველო-მომმარაგებელი სამსახურები ამას ახორციელებენ სხვადასხვა აუქციონებზე, ტენდერებზე, კონკურსებზე [კიკვაძე ო., 2016:19]. იქ ირჩევენ ისინი მომწოდებლებსაც და მათ მიერ მოსაწოდებელ საქონელსაც. თითოეულმა შემსყიდველმა ორგანიზაციამ იცის, და ამის სურვილიც აქვს, რომ შეიძინოს ყველაზე საუკეთესო, საიმედო, მაღალმწარმოებლური (თუ ეს ტექნიკას ეხება) საქონელი, რაღა თქმა უნდა, მისაღებ ფასად. მაგრამ იშვიათი გამონაკლისის სახით, თითქმის არავინ არ ასაბუთებს ამ შესყიდვის საჭიროებას. ორგანიზაციის რომელიმე განყოფილების განც­ხა­დება, რომ მას სჭირდება თანამედროვე სკანერი, სრულიად საკმარისი ხდება მომარა­გების განყოფილებისთვის, რომ მან იგი ჩასვას კვარტალური შესყიდვის გეგმაში და შეიძინოს დამკვეთი განყოფილებისთვის. არავინ, არც ეს განყოფილება და არც მომარაგების განყო­ფილება, არ ანგარიშობს და არ ასაბუთებს ამ სკანერის საჭიროებას, მის უკუგებას (მის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა გვაქვს მხედველობაში) მის ფასთან მიმართებაში. კი, ეს სკანერი შეიძლება ამ განყოფილებამ ერთი-ორჯერ გამოიყენოს თვეში, დანარჩენ დროს კი იგი უბრალოდ იდგება უმოქმედოდ, მხოლოდ ოფისის დასამშვენებლად. დასანანია, რომ საქართველოს სინამდვილეში ასეთი ქმედება შემთხვევითი კი არ არის, არამედ, წესად არის ნაქცევი. ასე იქცევიან ორგანიზაციები, ოჯახები და ცალკეული ადამიანებიც კი. მათ სჭირდებათ რაღაც ნივთი და ყიდულობენ მას. ეს ნივთი, მისი ფუნქციების მრავალფე­როვნების და ესთეტიკური გამომსახველობის გამო, შეიძლება სხვადასხვა ფასიანი იყოს _ ძალიან ძვირიც, საშუალოდ ძვირიც და იაფიც. როგორც აღვნიშნეთ, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი თაობისაა იგი და რამდენ ფუნქციას ასრულებს.

საქართველოში საჭირო საქონლის შესყიდვა ხორციელდება არა პრაგმატულობის, არამედ მოდის გავლენით. ყოველთვის მოდაში ბოლო თაობის საქონელია. ეს განსაკუთ­რებით ეხება ტექნიკას - კომპიუტერი, ტელეფონი, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა. ასეთი საქონელი მისი მფლობელისთვის პრესტიჟად ითვლება. დასანანია, რომ თითქმის იგივე მდგომარეობაა როგორც საჯარო, ისე კერძო სამართლის იურიდიულ პირებში. შედეგად უმიზნოდ იხარჯება დიდძალი ფული.

პროკიურემენტის ამოცანებია [Крилова М. Д., 2011:17]:

  • რესურსებზე სწორი მოთხოვნილების განსაზღვრა და დაგეგმვა;
  • შესყიდვებზე გაწეული დანახარჯების ოპტიმიზაცია;
  • ბაზარზე არსებული შემოთავაზებებიდან საჭირო რესურსების მოწოდების თავისუფალი და ოპტიმალური არჩევანის გაკეთება;
  • შემოსული რესურსების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
  • არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყენება.

განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე:

რესურსებზე სწორი მოთხოვნილების განსაზღვრა და დაგეგმვა. უმრავლეს საჯარო და კერძო სამართლის ორგანიზაციებში რესურსების შეძენა წლიური და კვარტალური გეგმების მიხედვით ხდება. თავდაპირველად ორგანიზაციის განყოფილებები ადგენენ მათთვის საჭირო საქონლის ჩამონათვალს. ამ ჩამონათვალის საფუძველზე დგება ხარჯებისგეგმა (ხარჯთაღრიცხვა). შემდეგ ხდება ამ ხარჯთაღრიცხვის კორექტირება (პლუს-მინუსით) იმ შემოსავლის მიხედვით, რომელიც ორგანიზაციას გააჩნია. ასე ჩასწორებული ხარჯთ­აღრიცხვა იქნება შესყიდვის საბოლოო გეგმა. მაგრამ ხდება ისეც, რომ დაფიქსირდება შესასყიდი საქონლის საჭიროება, მაგრამ არ ხდება ხარჯთაღრიცხვის დეტალიზება და არც შესყიდვის საბოლოო გეგმა დგება. შესყიდვებისადმი ასეთი მიდგომა საკმაოდ მოქნილი (როგორც კი გაჩნდება საჭიროება, მაშინვე მოხდება საქონლის შესყიდვა), მაგრამ ნაკლებ კონტროლირებადია.

შესყიდვების თანამედროვე მენეჯერები აკრიტიკებენ მისი გეგმის არსებობას. მას შესყიდვების თავისდროულად და სწორად განხორციელების შემაფერხებელ ფაქტორად თვლიან. ისინი ამას იმით ასაბუთებენ, რომ წინასწარ შედგენილი გეგმის აღსრულებამდე გასულ დროში სიტუაციები ისე იცვლება, რომ გეგმაში ჩაწერილი დავალება „არქაულად“ გვევლინება.

ასეთი მიდგომა ნაწილობრივ სწორია და როცა ასე ხდება სწორედ მაშინ უნდა მოხდეს შესყიდვის გეგმის კორექტირება და არა ამ მიზეზით მასზე საერთოდ უარის თქმა. ამ საკითხზე ერთობლივად უნდა შეთანხმდნენ ორგანიზაციის მართვის აპარატი (დირექ­ტორატი), შესყიდვის განყოფილება, ფინანსების და კონტროლის (შიდა აუდიტი) განყო­ფი­ლებები.

ბაზარზე არსებული შემოთავაზებებიდან საჭირო რესურსების მოწოდების თავისუფალი და ოპტიმალური არჩევანის გაკეთება. შემსყიდველ ორგანიზაციას ასეთი არჩევანის გაკეთება ყველაზე უკეთ შეუძლია ღია საკონკურსო შესყიდვებზე, სადაც სხვადასხვა მომწოდებლები იქნებიან წარმოდგენილნი. ამის მიღწევა შეიძლება მომწოდებ­ლებზე სრული ინფორმაციის ფლობითაც.

არსებული რესურსების ეფექტიანი გამოყეენება. მანამ, სანამ შემსყიდველი ორგანიზაცია ამა თუ იმ, მისთვის საჭირო საქონლის შესყიდვას დაგეგმავდეს, მან უნდა გადახედოს თავის შიგა, არსებულ რესურსებს. მან შეიძლება თავისთან აღმოაჩინოს გამოუყენებელი ან ნაწილობრივ გამოყენებული ასეთივე საქონელი. პირველ რიგში მან სწორედ ეს საქონელი უნდა გამოიყენოს. იგივე ეხება საქონლის მარაგსაც, რომელსაც თითქმის ყველა ორგანიზაცია ქმნის. შეიძლება ამ მარაგში აღმოჩნდეს ადრე, რეზერვად ნაყიდი ასეთი საქონელი. მაშინ მისი ახლიდან ყიდვა აღარ იქნება საჭირო.

შესყიდვების ანუ პროკიურემენტის ძირითადი პრინციპებია [Кузнецов К. В., 2011:13]:

  • ღიაობა და გამჭვირვალობა;
  • პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება;
  • კონკურენტულობა;
  • თანასწორობა და სამართლიანობა;
  • ეფქტიანობა;
  • დასაბუთებულობა.

განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე და ვნახოთ რა იგულისხმება თითოეულ მათგანში:

ღიაობა და გამჭვირვალობა. შესყიდვების ჩატარების შესახებ ინფორმაცია თავისდრულად და სრული მოცულობით ყველა მომწოდებლისთვის უნდა იყოს ხელმისაწვ­დომი. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მომწოდებლებს ჰქონდეთ დრო, რათა თავისი კომერციული შეთავაზებები და პროცედურები იმ კრიტერიუმების და მოთხოვნების მიხედვით მოამზადონ, რომელთა მიხედვით შემკვეთი (შემსყიდველი) ირჩევს მომწო­დებელ-კონტრაგენტს.

შესყიდვების ჩატარების შესახებ მომწოდებელთა ინფორმირებისთვის შემკვეთი იყენებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს (ელექტრონულის ჩათვლით). დაინტერე­სებულ მომწოდებლებს, რომლებმაც ადრეც გამოიჩინეს მასთან მუშაობის ინტერესი და რომელთა კვალიფიკაცია აკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, უგზავნის „ადრესულ“ მოწვევებს და ა. შ.

შესყიდვასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა მაკონტროლებელი ორგანოსთვის გამჭვირვალე და დოკუმენტირებული უნდა იყოს, მკაფიოდ იყოს გამოკვეთილი შესყიდ­ვების ორგანიზატორის არჩევის და მისი ქმედებების მოტივი.

პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება. შესყიდვების ორგანიზატორმა ეს პროცესი დადგენილი წესების და პროცედურების სრული დაცვით და მაღალი პასუხის­მგებლობით უნდა ჩაატაროს. წესების დარღვევის შემთხვევაში იგი პერსონალურად აგებს პასუხს.

შესყიდვების ყველა საკვანძო მომენტი შესაბამის დოკუმენტებში- ოქმები, ანგარიშ­გებები და სხვა - უნდა დაფიქსირდეს. საჭირო შემთხვევაში ისინი წარედგინება შესყიდ­ვებზე კონტროლის უფლებამოსილ განყოფილებას.

კონკურენტულობა. შესყიდვების ოპტიმალური შედეგი მხოლოდ თავისუფალი კონკუ­რენციის პირობებში მიიღება (იშვიათი გამონაკლისის) დროს შეიძლება პირდაპირი შესყიდვაც, მაგალითად, სამხედრო იარაღის). ასე რომ, მომწოდებელ-კონტრაგენტის არჩევა ხდება მათი ურთიერთმჯობნობის საფუძველზე, რომელიც კონკურენციისას გამოჩნდება.

ამასთან, კონკურენცია არ შეიძლება იყოს აბსოლუტური, ანუ შესყიდვის პროცე­დუ­რაზე ყველა მომწოდებელი კი არ უნდა დაიშვას, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც აკმაყო­ფილებენ შემკვეთის ე. წ. „საკვალიფიკაციო ბარიერს“. სხვა შემთხვევაში ყველა მომწო­დებლის შემოთავზების გასინჯვა და შეფასება მეტად ძვირი დაუჯდება (ხარჯების თვალსაზრისით) შემსყიდველ ორგანიზაციას.

თანასწორობა და სამართლიანობა. შესყიდვების ჩატარების, მომწოდებლების კვალიფიკაციისადმი წარდგენილი მოთხოვნები და გამარჯვებულის გამოვლენის წესი ყველა მომწოდებლისთვის ერთნაირი და წინასწარ განსაზღვრული უნდა იყოს. არანაირი დისკრიმინაცია და შესყიდვების პროცესში წესების შეცვლა არ დაიშვება.

ეფქტიანობა. შესყიდვები მაქსიმალური ეფექტიანობით უნდა ჩატარდეს. ამის ანგარიში შესყიდვაზე გაწეული ხარჯების იმ შედეგთან (ეკონომიკური სარგებელი) თანა­შეზომვით ხდება, რომლის შედეგიც მისცა შემკვეთს კონკურსზე შეძენილმა საქონელმა.

დასაბუთებულობა. შემკვეთმა მხოლოდ ის საქონელი უნდა შეისყიდოს, რომელიც ნამდილად სჭირდება მას და დააკამყოფილებს მის რეალურ მოთხოვნილებებს.

შესყიდვების სისტემა, როგორც წესი, სამი ბლოკისგან შედგება:

  1. შესყიდვების ბლოკი. ამ ბლოკში შედის შემკვეთის ანუ შემსყიდველი ორგანიზაციის ის განყოფილებები, რომლებიც ეძებენ და ირჩევენ მომწოდებელ-კონტრაგენტებს, დებენ მათთან ხელშეკრულებებს, ხელმძღვანე­ლობენ შესყიდვებს და მიღებული საქონლის ორგანიზაციის შიგნით განაწილებას.
  2. დაფინანსების ბლოკი. ამ ბლოკში, გარდა შემსყიდველი საქონლის დამფინან-სებელი განყოფილებისა, შედის აგრეთვე ის განყოფილებები, რომლებიც მონაწი­ლეობას იღებენ ხარჯთაღრიცხვის შედგენას, დამტკიცებასა და ხელშეკრულე­ბების შედგენაში.
  3. კონტროლის ბლოკი. ამ ფუნქციას ასრულებს შემკვეთის (შემსყიდველის) ხელმძღვანელობა.

როლების ასეთი განაწილება დამახასიათებელია როგორც სახელმწიფო, ისე კომერ­ციული შესყიდვებისთვის. პირველ შემთხვევაში შემსყიდველის ზოგიერთი ფუნქცია გადაცემული აქვს სხვა ორგანოს. ასე მაგალითად, საქართველოში სახელმწიფო შესყიდ­ვების დაფინანსებას ახორციელებს ხაზინა, ხოლო კონტროლს- ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური (ყოფილი კონტროლის პალატა).

 დასკვნა

 საკითხის დამუშავების დასრულებისას ვაკეთებთ შემდეგ დასკვნებს:

  • Ø შესყიდვებში ამა თუ იმ მომწოდებლისთვის უპირატესობის მინიჭება მხოლოდ იმ მოტივით, რომ მისი ფასი ყველაზე მისაღებია, როგორც ეს ამჟამად ხდება საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში, არასწორია. ანგარიში უნდა გაეწიოს საქონლის ხარისხს და მოწოდების ვადებსაც;
  • Ø სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებს მკაცრად დაევალოთ შესყიდვის საჭიროობის დასაბუთება;
  • Ø შესყიდვების გაკონტროლების უფლება ჰქონდეს მხოლოდ სახელმწიფო აუდიტს.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. კიკვაძე ო., 2016. სახელმწიფო შესყიდვების სრულყოფა საჯარო ფინანსების ადმინისტ­რი­რებაში, თბილისი, „თეკა და კომპანია“, გვ. 19.
  2. Кузнецов К. В., 2011, Прокьюремент: тендеры, конкурсы, конкурентные закупки, Москва,«Алфа», გვ. 19.
  3. Крилова М. Д., 2011. Закупочная и распределительная логистика, Москва.,, МГУП, გვ. 17.